ქარEng

პასუხისმგებლობა

გიორგი მაისურაძე

01

_tan — გიორგი, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვთანხმდით გასაუბრებაზე.

გ.მ — მადლობა ინტერესისთვის.

_tan — შეიძლება გახსენება იყოს ნეიტრალური და პოლიტიკური კონტექსტებისგან დაცლილი აქტი? ხშირ შემთხვევაში გახსენება ინსტრუმენტალიზაციის ქვეშ ექცევა სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტებში. უფრო კონკრეტულად, დღევანდელი დღიდან გამომდინარე ვის რისი გახსენებაც სჭირდება და რა ფორმით, იმის მიხედვით ირჩევა „მასალა“. შეგვიძლია ასეთ მოცემულობაში განცალკევებულად ვისაუბროთ გახსენების ფენომენზე?

გ.მ — თუ პოლიტიკურ კონტექსტს გავითვალისწინებთ მაშინ გამოდის, რომ უფრო ვიტყუები თუ ტენდენციური ვარ ჩემს გახსენებაში და ეს ცნობიერი აქტია. აქ სხვა ვერსია ნაკლებად შესაძლებელია, უბრალოდ ხდება საკუთარი მეხსიერებით მანიპულირება. თუმცა, ამ შემთხვევაში მეხსიერება ცნობიერად შელამაზებული მაქვს იმ ფორმით რა ფორმითაც მაწყობს და შესაბამისად ნაკლებად საინტერესო განხილვის საკითხი ხდება. ჩემი აზრით, ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც ვიხსენებ რაღაცას და ამ მოგონების ალტერნატივა ჩემს მეხსიერებაში არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ რაღაც სწორედ ისე მოხდა როგორც მე მახსოვს. აქ ყოველთვის ძალიან საინტერესოა სწორედ ის, რომ შეუძლებელია ვილაპარაკო ჩემს მიკერძოებაზე ან არაობიექტურობაზე. ეს უბრალოდ მოცემულობაა, ფაქტი, რომელიც განპირობებულიa ჩემი არაცნობიერით (ალბათ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ პირდაპირ ასეთი ფსიქოანალიტიკური ტერმინი).

მიმაჩნია რომ დოკუმენტური სიზუსტით მახსენდება კონკრეტული ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში მახსენდება შთაბეჭდილებები. ეს შთაბეჭდილებები ფართოვდება; ისინი იძენს სტრუქტურას სიუჟეტური შეფერილობის სახით. ფაქტობრივად, ამბები ითხზვება, რომელშიც, რა თქმა უნდა, არის გარკვეული სიმართლე. უფრო სწორად, ეს არის სიმართლე, არა როგორც ისტორიული ხდომილება, არამედ როგორც ფსიქოლოგიური ხდომილება. ეს ყოველივე მიჩანია გაცილებით უფრო საინტერესოდ, ვიდრე როდესაც ადმიანი გაცნობიერებულად მანიპულირებს, იტყუება, ან ამახინჯებს ისტორიას.

ოდნავ რომ გავცდე თქვენი შეკითხვის ფარგლებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი რაც აქამდე ვახსენეთ არის მანიპულაციის და ტენდენციურობის იდეალური ინსტრუმენტი. მაგალითად გადაცემა სახელად „საქართველოს დაბადება.“ ამ გადაცემაში ძირითადად გამოდიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც იხსენებენ 90-იან წლებში მომხდარ ფაქტებს. ფაქტები, რომლებზეც ეს ადამიანები საუბრობენ, მეც მახსოვს და დღეს უკვე შეგვიძლია მათი ნარატივები ისტორიულად შევადაროთ პუბლიკაციებს. ეს მოვლენები არ შემოიფარგლება ამ პოლიტიკური ფიგურების ინდივიდუალური შთაბეჭდილებებით. გარკვეული თვალსაზრისით ეს მოვლენები ეკუთვნიან კოლექტიური ცოდნის სფეროს. ამ შედარებითი პროცესის შედეგად ცხადი ხდება, რომ ეს პოლიტიკური ფიგურები დიდწილად ტყუიან. ეს შეგნებული ტყუილის აქტი განპირობებულია იმით, რომ ზემოთხსენებული ფიგურები პოლიტიკურად ტენდენციურები არიან და ცდილობენ ყველაფერი ისეთ ფერებში დახატონ, როგორშიც მათვე აწყობთ.

ეს ორი ფენომენი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: პირველ რიგში, ის ნაკლებად საინტერესო გახსენების აქტი, როგორც ასეთი ტიპური მანიპულაციის საშუალება და მეორე — როდესაც ადამიანი აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ ასე მოხდა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ანუ ის, რაც შენს ფსიქიკაში მოხდა უფრო მყარი და მნიშვნელოვანი, ფასეულია შენთვის, ვიდრე ის რაც სინამდვილეში მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი შემოქმედებითი ფანტაზიების სამყარო სწორედ ამ შთაბეჭდილებებიდან, ამ „არასწორი“, გახსენებებიდან მოდის.

_tan — დიდი მადლობა დამაფიქრებელი პასუხისთვის. რადგან ავტორიტარული სახელმწიფოების მხრიდან მანიპულაცია ახსენეთ, შეგვიძლია შემგეგ შეკითხვაზეც გადავიდეთ. საინტერესო იქნება მოვისმინოთ თქვენი აზრი ასეთი ტიპის სახელმწიფოებთან გამკლავების გზებზეც. არის თუ არა ფილოსოფოსებისა და კრიტიკული მოაზროვნეების მიერ შემუშავებული თეორიები ეფექტური და რამდენად საჭიროა ამ თეორიების რევიზია, იმის გათვალისწინებით რომ ამგვარმა რეჟიმებმა სახე იცვალეს?

გ.მ — საერთოდ ძალიან საინტერესოა რომ როდესაც ახალი, დიდი პოლიტიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ისინი ცვლიან წელთაღრიცხვას, ისინი ცვლიან დროს.

შეგვიძლია ისტორიული ფაქტების გახსენება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ეს არის გადმოცემული. ვთქვათ, ის, რომ პირველი დიდი კალენდრული რეფორმა უკავშირდება იულიუს კეისარს, რომ მან ივლისის თვეს საკუთარი სახელი დაარქვა, იულიუსი… ციცერონის გამოხმაურება იყო ამაზე, რომ ხვალიდან იწყება გაზაფხულის ბუნიობა, თუკი კეისრის ბრძანება იქნება. ანუ, ერთის მხრივ, ესაა ჰუბრისი, რომ მე შემიძლია დროს ვუკარნახო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ახალ პოლიტიკურ სისტემას აფუძნებ, ათვლის მექანიზმს ცვლი, ანეიტრალებ, ანულებ მანამდე რაც ყოფილა და იწყებ თავიდან.

ჩვენთან დროში უფრო ახლო მოვლენა რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, ეს საფრანგეთის რევოლუციაა, რომელიც ასევე კალენდრული ცვლილებით შემოდის. ახალი ეპოქა იწყება საფრანგეთის რევოლუციით და ფაქტობრივად ნულდება მანამდელი პერიოდი. ეს ზუსტად გაიმეორა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა. მოვესწარი კიდევაც, ჩემი ბავშვობის მოგონებებია და, მე ვიტყოდი, სასიამოვნო მოგონებებიც: მოხევადი კალენდრები იყო, კედელზე ჩამოსაკიდი. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა, იმიტომ რომ ყოველ უკანა გვერდზე ეწერა საინტერესო ინფორმაცია, ეს კი ძალიან მართობდა ბავშვობაში. ამ კალენდარზე ოფიციალურ თარიღთან ერთად ეწერა: დიდი ოქტომბრის რევოლუციიდან ესა და ეს წელი…

საერთოდაც მთავარი გამომრჩა, იულიუს კეისრის შემდეგ. ქრისტიანობამ აბსოლუტურად გაანულა ყველაფერი და დაიწყო ხელახალი ათვლა ქრისტეს შობიდან. იმისდა მიუხედავად რომ თვითონ შობის ფაქტიც გარკვეულ წილად მითოლოგიზირებულია, მთავარი ისაა, რომ მანამდე რაც მოხდა, არაა საინტერესო, ისტორია ახლა იწყება. თვითონ ბიბლიური ტრადიციით ათვლა იწყება სამყაროს შექმნიდან, არა? და ასე შემდეგ. შუა საუკუნეებში ბევრ შემთხვევას ვნახავთ ასეთს.

ეს ტენდენცია თანამედროვე ეპოქაშიც მუშაობს და თან მეტ-ნაკლებად წარმატებით.

მე მაინც ვიტყოდი, რომ [ავტორიტარიზმი] უფრო მოდერნისტული პროექტია. აი, უკვე შეიძლება ასეთი ტერმინის შემოტანა, იმიტომ რომ პოსტმოდერნულ სააზროვნო თუ ცოდნის მდგომარეობაში ესენი [მანიპულაციის ხერხები] ნაკლებად მუშაობს… ამის მიუხედავად, დღევანდელ ხანაში, მემარჯვენე რადიკალიზმიდან წამოსული გადმოძალიხები შორეულ ოქროს ხანაზე საკმაოდ ხშირია. ეს გამოიხატება ტრამპის ცნობილ ლოზუნგში, *Make America Great Again. *ეს *again *როდისაა? რომელ again-ზეა ლაპარაკი? ეს, რასაკვირველია, პირდაპირ კავშირშია მითოლოგიურ ფორმულასთან, *in illo tempore, *ანუ ოდესღაც. ქართული შესატყვისი შეიძლება იყოს, “იყო და არა იყო რა”. ოდესღაც რაღაც არის მომხდარი, შეიძლება არც არის მომხდარი, მაგრამ იქიდან ვიწყებ ათვლას; მანამდე რა იყო, არ გვაინტერესებს. ეს წარსული, რომელსაც გამუდმებით ახსენებენ, არ არსებობს სინამდვილეში. ეს არის წმინდად მითოლოგიური ცნობიერების შემოჭრა თანამედროვეობაში, რომელიც არ მუშაობს. არ მუშაობს იმდენად, რამდენადაც სულ სხვა ეპოქაში ვართ. ეჭვი და სკეფსისი ამ ყველაფრის მიმართ ძალიან ძლიერია.

მეორე ასპექტი კი ისაა რომ პოლიტიკოსების მხრიდან მუდამ ვხედავთ ისტორიის ბოროტად გამოყენებას. ამაშიც ახალი ნამდვილად არაფერია. ისტორიის არგუმენტად გამოყენება ხომ ცნობილი ტენდენციაა. მაგალითად, ე.წ. ისტორიული მიწების ცნების პოლიტიკურ არგუმენტად გამოცხადება ქართულ საბჭოთა სივრცეში სტალინის ეპოქამ დაამკვიდრა, თუმცა თავად ეს ტენდენცია მე-19-ე საუკუნეში ჩაისახა. პოლიტიკური არგუმენტია, ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირს აქვს პრეტენზიები თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, იმიტომ რომ მას მიტაცებული აქვს ხუთი საუკუნის წინ ისტორიული საქართველოს ან ისტორიული სომხეთის მიწები.

ისტორია კი ზუსტად ის არის, რაც მუდამ იცვლება, არა? ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ გარკვეული ტერიტორია რომელიღაც ხალხს ეკუთვნის იმის გამო, რომ ოდესღაც ისინი იქ ცხოვრობდნენ. მსგავსი არგუმენტები თავისთავად აბსოლუტურად მისტიფიკაციაზე და ისტორიის შეგნებულად არასწორ გაგებაზეა აწყობილი. ეს არ არის წარსული; ეს არის პოლიტიკური ინტერვენციების არგუმენტი.

სტალინურ ფორმულაში, რაც ერთი-ერთზე გადმოიღო ვლადიმერ პუტინმა, უკრაინა არ არსებულა, რომ ეს არის ჭეშმარიტი რუსული მიწები, კიევის რუსეთი… ეს ხომ აბსოლუტურად დამახინჯებული, ტენდენციურად, იდეოლოგიზებულად შექმნილი ისტორიული ნარატივებია.. თან რომელ ეპოქაზეა იქაც ლაპარაკი? დავუშვათ, რომ მართლა კიევის რუსეთს რაიმე საერთო ჰქონდეს დღევანდელ რუსეთთან… ათი საუკუნის წინანდელ ამბავზეა ლაპარაკი, მინიმუმ, თუ მეტის არა. და ეს სერიოზულობით მოითხოვო, რომ რადგან ათი საუკუნის წინ ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა ჩვენ უნდა მოგვეცეს… სრული აბსურდია. ელემენტარული კითხვა რომ დავსვათ — რა კავშირი აქვს კიევის რუსეთს თანამედროვე რუსეთთან? არაფერი, აბსოლუტურად არანაირი კავშირი.

ყოველი თანამედროვე ერი და სახელმწიფო არის გაუთავებელი სინთეზების, დიფუზიების შედეგად შექმნილი, იქნება ეს კულტურული, ეთნიკური, ანთროპოლოგიური თუ სხვა. ამის გამოყენება კი ექსპანსიონიზმის, ინტერვენციონიზმის და ყველანაირი იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

_tan — რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნება ახსენეთ: მითები, მისტიფიკაცია და ნარატივები. როგორც ჩანს, სელექციურობა - იმის მიმართ თუ რას დავივიწყებთ და რას გავიხსენებთ - გარკვეულწილად აფორმულირებს იდენტობას. ეს მექანიზმი მაინცდამაინც გაცხადებული არაა; ის უფრო თავისთვის მოქმედებს ვიდრე მასზე ღიად ვსაუბრობთ.

თქვენი აზრით, არსებობს ამის კონტრძალა? ანუ, ძალა, რომელიც შეიძლება ამ მექანიზმს შეეწინააღმდეგოს? ან, თუნდაც, უბრალოდ გამოააშკარავოს ის?

გ.მ — ეს კონტრძალები, ყოველთვის მეტ-ნაკლებად არსებობენ. და ეს არის ვიწრო ინტელექტუალური წრეები, რომლებსაც განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში აღარ აქვთ ის დიდი ძალა და გავლენა [რომელიც ოდესღაც გააჩნდათ]. ინტელექტუალებს ყველაზე გვიან, ალბათ, მეოცე საუკუნის 60–70-იან წლებამდე ჰქონდათ წონა და გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მათ თანდათანობით ეს დაკარგეს, დღეს კი აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს ტრანსნაციონალური კომპანიების ხელშია სამყარო და ისინი კარნახობენ თამაშის წესებს. უფრო ზუსტად, დიდი კაპიტალი კარნახობს თამაშის წესებს.

აქვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ კოლექტიური მეხსიერება, ნებისმიერი ფორმით, არის გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ შექმნილი და მას არავითარ შემთხვევაში არ აქვს რაიმე საერთო რეალურ მეხსიერებასთან ან თუნდაც რეალურ ისტორიასთან. არა, ის არის ინტელექტუალური და პოლიტიკური ჯგუფების მიერ შექმნილი წარსულის ხატი, რომელიც რეალურად თანამედროვეობის ხატია. ეს თანამედროვეობის პროექციაა წარსულზე.

ეს ტენდენცია ანტიკურ სამყაროში და შუა საუკუნეებშიც შეგვიძლია მოვიძიოთ, მაგრამ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ახალ ეპოქაში, საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ ხანაში. ეს ნაციონალიზმსა და ერების გაჩენას უკავშირდება, როდესაც ისინი [ერები] თვითონ იგონებენ საკუთარ წარსულებს. აქ არაა ლაპარაკი ისტორიის გამოკვლევაზე და შესწავლაზე, არამედ კოლექტიური მეხსიერების შექმნაზე, რომელსაც შემდგომში ეფუძნება კოლექტიური იდენტობა.

აქ საქართველოს შემთხვევაა ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მე-19-ე საუკუნის 60-იან წლებში ხდება მისი ერად ფორმირება. რუსეთის იმპერიის მიერ მისი ანექსიის შემდეგ, ანუ 1801 წლიდან ის აღარ არსებობს, არანაირი სახელმწიფო მასში არ არის; ის არის მხოლოდ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში გადანაწილებული. შემდეგ მოდის ახალი თაობა, რომელიც იგონებს ყველაფერს ხელახა. იგონებს ფუნდამენტურ ცნებებს, როგორიც არის „მამული“, „სამშობლო“. ეს ყველაფერი არის მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევრის გამოგონებები. ანუ ეს თაობა იღებს არსებულ სიტყვებს და მათ უცვლის მნიშვნელობებს იმ ნიმუშების მიხედვით, რომლებიც, თავდაპირველად საფრანგეთიდან მოდის. შემდგომში ამას ემატება საბჭოთა პერიოდში, უკვე სახელმწიფოს მეშვეობით შექმნილი და დამკვიდრებული მეხსიერება.

შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ჩვენ გვაქვს ზუსტად ის კულტურული თუ ისტორიული მეხსიერება, რომელიც შეიქმნა საბჭოთა პერიოდში. ძალიან ძნელია აუხსნა ფართო საზოგადოებას, რომ ამის უკან რაღაც სხვა დგას და მთელი ეს ტერმინოლოგია თუ ჩვენი წარმოდგენები, არის მეოცე საუკუნის და არა ისტორიის უწყვეტობის ნაწილი, რომლის ჩვენების პრეტენზიაც აქვს ამ კონსტრუქტებს.

_tan — ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ, ტემპორალურობის საკითხს ცენტრალური ადგილი უჭირავს იმ ნარატივში რომელიც ალხა ჩამოაყალიბეთ. ფილოსოფიაში ერთმანეთისაგან გამოვყოფთ კოსმოლოგიური და ფენომენოლოგიური დორის ცნებებს. კოსმოლოგიური დრო იზომება საათების, კალენდრებისა და თარიღების მეშვეობით, ხოლო ფენომენოლოგიური დრო უფრო მჭიდროდ არის კავშირში ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებასთან. ისეთი მოაზროვნეები როგორც კარლ შმიტი და რაინჰარდ კოზელეკი, ცდილობენ პოლიტიკური თეოლოგიის მეშვეობით გამოააშკარავონ ტემპორალურობის ესქატოლოგური განზომილებები.

აი სწორედ ამ ტემპორალურობის თვალსაზრისით, როგორ შეიძლება რომ პოლიტიკური თეოლოგიის მეშვეობით უკეთ შევიცნოთ თანამედროვე პოლიტიკური სამყარო?

გ.მ — პოლიტიკური თეოლოგია თავისთავად ინტენციონალურია. შმიტიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რომ ის არის ესქატოლოგიურიც. ანუ ისტორია გარკვეული მიმართულებით მიედინება. ეს ხაზი მასში შემოიტანა იუდეო-ქრისტიანულმა ინტენციონალიზმმა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შმიტი გადამწყვეტი ფიგურაა. ერთი წინადადებით რომ შემოვხაზოთ მისი კონცეფცია: გარდაუვალია ანტიქრისტეს ხელმწიფობის დადგომა, მაგრამ არსებობს ძალა, რომელიც მას აკავებს.

შმიტი ეყრდნობა პავლე მოციქულის სახელით ცნობილ თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს და იმ ცნობილ ფრაზას, რომ სანამ შემაკავებელი ძალა არსებობს, მის ადგილს ვერ დაიკავებს უკანონობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი შმიტისთვის, და ახლობელიც, როგორც იურისტისთვის. ეს „უკანონობა“ არის, ერთის მხრივ, ანომიაც, პირდაპირი გაგებით კანონგარეშე ყოფნა და მეორე მხრივ, ახალი აღთქმის კონტექსტში - ურჯულოება. ეს თანხვედრა, რჯულის, ებრაული ტრადიციით და კანონის, ბერძნულ-რომაული ტრადიციით, აბსოლუტურად იდენტურია ამ მომენტში.

აქვე შემოდის მეორე ფორმა, კატეხონი, შემაკავებელი. ის აკავებს, შესაბამისად, დროს წელავს, ხომ? შეუძლია უსასრულობამდე გაწელოს…სანამ ის არის, ეს კატეხონი, ვერ დადგება ურჯულოება თუ უკანონობა. შმიტი ეყრდნობა ძველ ქრისტიან ავტორებს და ამბობს რომ ეს ძალა არის იმპერია. სანამ იმპერია არსებობს… ეს მისი ცნობილი ფრაზაც არის გვიანდელი ინტერვიუდან. იმპერია ტრანსფორმირდა კათოლიკურ ეკლესიაში თავისი უნივერსალიზმით. ანუ შმიტი უნივერსალისტია; მიუხედავად მთელი თავისი შავ-ბნელი წარსულისა, ის არასდროს უხვევს თავის უნივერსალისტურ რწმენას. ამიტომაც კათოლიციზმი, როგორც უნივერსალისტური რელიგია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე თავად ქრისტიანული თეოლოგიის არსობრივი საკითხები. რადგან ეს ფორმაა მისთვის მნიშვნელოვანი ხოლო ვინ იქნება ამ იმპერიის სახე - მეორეხარისხოვანი.

როგორ შეგვიძლია გავიგოთ რა არის ის ურჯულოება, უკანონობა, რასაც აკავებს კატეხონი შმიტთან? ის აკავებს ნაციონალიზმს, სეპარატიზმს, რადგან ეს იმპერიის საწინააღმდეგო ფორმებია. მას ნამდვილად არ უჭირდა იმპერიების მხარეს დგომა მას შემდეგაც, რაც მისი გერმანული მესამე რაიხი დაემხო და განადგურდა. ის თავის პოზიციებს არ ცვლის; პირიქით, ახალ-ახალ ძალას, კატეხონს ეძებს იმპერიების სახით, რომელიც ამას შეაკავებდა.

მიუხედავად მისი მკაცრად მემარჯვენე, კონსერვატორული შეხედულებებისა, შმიტი უაღრესად კითხვადი ავტორია მემარცხენე თეორეტიკოსებში, იქნება ეს პოლიტიკური მოაზროვნეები თუ ფილოსოფოსები. ეს ალბათ იმითაცაა განპირობებული, რომ დიდი კრიზისების პერიოდში თითქოს არქეტიპულად ცოცხლდება პოლიტიკური თეოლოგიის ნიშნები. პირველად ამას ადგილი 21-ე საუკუნეში ჰქონდა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ბუშის რიტორიკაში ღმერთის შემოტანით. ის ამბობდა რომ ღმერთის დავალებას ასრულებს, როდესაც ის, ვთქვათ, ავღანეთს ბომბავს ან ერაყში იჭრება. აქ უკვე ნათლად ჩანს პოლიტიკური თეოლოგიის გაცოცხლების ფორმა.

ასევე საინტერესოა პანდემიის დროს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს, სწორედ შმიტისეული პოლიტიკური თეოლოგია, რომელიც საგანგებო მდგომარეობასთან კავშირში განიხილება. ხაზგასასმელია ამ ტერმინის გერმანული ძირი, Ausnahmezustand რამდენადაც Zustand მდგომარეობაა და Ausnahme საგანგებოსაც ნიშნავს და გამონაკლისსაც. გამონაკლისობა კი არ არის ნორმა; ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, გამონაკლისი მდგომარეობა, რომელიც მერე ისევ ნორმას უბრუნდება.

ფაქტობრივად გამონაკლისი სჭირდება, ერთი მხრივ, პოლიტიკური ქმედებისთვის სუვერენს იმისთვის რომ დააბრუნოს მდგომარეობა ნორმაში. მეორეს მხრივ, თავად გამონაკლისი გვაგებინებს რა არის ნორმალური. სხვაგვარად, ნორმალურ ვითარებაში, ამის გაგება შეუძლებელი იქნებოდა. მგონია რომ შმიტის კონცეფცია სცდება სამართლის თუ პოლიტიკური ფილოსოფიის ფარგლებს და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ ვლინდება, როდესაც ის უკვე მეტაფიზიკურ კანონზომიერებას ეხება. მისი საგანგებო მდგომარეობის კონცეფცია უკვე აღარ არის პოლიტიკური თეორიის ან სამართლებრივ ჩარჩოებში მოთავსებადი. ეს ცალსახად მეტაფიზიკური კონცეფციაა, რომელშიც ნორმის და ნორმიდან ამოვარდნის შეპირისპირებასთან გვაქვს საქმე.

ერთსაც დავამატებდი, ოცდამეერთე საუკუნის და თანამედროვეობის კონტექსტში. მაქვს ასეთი განცდა რომ თანამედროვე ავტორიტარიზმი მოძველებულ ინვენტარს იყენებს, როდესაც პოლიტიკურ თეოლოგიას ებღაუჭება, იქნება ეს რუსეთი, ტრამპის ამერიკა, თუ ერდოღანის ოსმალური ფანტაზიები. ანუ რამდენიც არ უნდა იძახოს პუტინმა ან მისმა გარემოცვამ, რომ ისინი რაღაც ძალიან დიდ მიზნებს ემსახურებიან, ეს არაა საკმარისი თანამედროვე რეალობაში რომ რელევანტური და დამაჯერებელი იყოს. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ ძალიან ბევრია გასაკეთებელი დღევანდელობის გასაანალიზებლად და უკეთესად დასანახად: რატომ აღარ მუშაობს ეს კონცეფციები? რატომ არ განიცდება პოლიტიკური თეოლოგია?

_tan — მადლობა ამ მრავალმხრივი პასუხისთვის. თუ სწორად მახსოვს, იაკობ ბურკჰარდტი ამბობს რომ ძალაუფლება თავისთავად ბოროტია. მსგავსი ფრაზა პოლ რიკიორის ძველ ნაწერებშიც გვხვდება, ოღონდ ის ძალაუფლებას სახელმწიფოთი ანაცვლებს. რას იტყოდით ამ აღქმაზე? წარმოგიდგენიათ გარემოება, რომელშიც შეიძლება ძალაუფლება ან სახელმწიფო არ იყოს მაინცდამაინც ნეგატიური კონოტაციის მატარებელი?

გ.მ — კი, ბურკჰარდტს აქვს ეს ნათქვამი თავის ლექციებში (“მსოფლიო ისტორიული განაზრებანი”), თანაც რამდენიმე ფორმით; თავისთავად ამ ფრაზას ფეთქებადი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვათა შორის, ვინც უარყოფითად გაამახვილა ყურადღება ამ ფრაზაზე იყო კარლ შმიტი. მისი აზრით, ეს არის ანარქიზმი, რომლისგანაც აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი.

თუ იგივეს სახელმწიფოზეც გადავიტანთ, ახალი ეპოქის პირველ მთავარ თეორეტიკოსს, ჰობსს, მივადგებით. ადამიანები, როგორც რაციონალური არსებები, საკუთარი ნებით ამბობენ რაღაცებზე უარს და ჰობსთან ეს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და ფიზიკურ გადარჩენაზეა მიბმული. მისივე ავტობიოგრაფიულ თხზულებებში ის წერს: მე დავიბადე შიშის ტყუპისცალად თუ შიში არის ჩემი ტყუპისცალი. ეს შიში არასტაბილური ხანის შიშია. ამიტომ ბუნებრივად სჭირდება ძლიერი კონსტრუქტი, ხელოვნურად შექმნილი მანქანა, როგორც თვითონ უწოდებს: ლევიათანი, რომელიც დაგიცავს, დაგსჯის კიდევაც, შეგზღუდავს კიდევაც და ასე შემდეგ. ამის ალტერნატივა კი არის სრული განუკითხაობა, ძალადობა და “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიური კონცეფცია, არა პროგრამატული, არამედ უფრო აღწერითი, არის ფროიდთანაც. ანუ ადამიანობა ან ჰუმანოიდი ცხოველის გაადამიანება უკავშირდება სწორედ აკრძალვების შემოღებას. შესაბამისად, კულტურა არის თავისუფლების საწინააღმდეგო. თავისუფლება იზღუდება და კულტურა არის ზუსტად ის, რაშიც გამოისახება აკრძალვები. ამ მოცემულობაში და ამ მოცემულობასთან კონფრონტაციაში იბადება ინდივიდი… შევყოვნდი, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტად პათეტიური რაღაც გამომივიდეს ინდივიდთან მიმართებაში. მაგრამ რეალურად ინდივიდუალური თავისუფლება არის ის, როდესაც მიუხედავად აკრძალვებისა და წესებისა, არღვევ მათ და გადაიქცევი გამონაკლისად, სუვერენად.

მიუხედავად იმისა, რომ სუვერენულობის პოლიტიკური კონცეფციის აბსოლუტური საწინააღმდეგო არის ჟორჟ ბატაისეული, სრულიად ინდივიდუალისტური სუვერენულობის კონცეფცია, ჩემი აზრით, ბატაი და შმიტი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ბატაისთვის სუვერენულობა არის ტრანსგრესიული ზუსტად მაშინ, როდესაც შენ არღვევ ამ წესებს. ის გამორიცხავს ამ პოლიტიკურ სუვერენულობას აბსოლუტური ფორმით, ეს მარტო ინდივიდუალურ დონეზეა განხორციელდებადი.

ეს არ არის პირდაპირი ანალოგია, მაგრამ ახლა ამომიტივტივდა უცებ არუნდატი როის სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ დღეს, ვერ ვიქნებით, მოაზროვნე ფენა თავისუფლები, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ გრანტებზე, ხელფასებზე და ჩვენს დამქირავებლებზე. თუ არ ვიქნებით ისეთი, როგორც პოლიტიკურ ტენდენციებს აწყობთ და ვიტყვით, რომ ღაზაში მიმდინარეობს გენოციდი, შეიძლება გრანტები აღარ მოგვცენ. ამიტომ იძულებული ვართ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება ჩვენივე ეკონომიკური კეთილდღეობის ან უბრალოდ არსებობის გამო. აქ უკვე თამასებიც შეცვლილია… მეოცე საუკუნის დასაწყისის ადამიანი ბევრად უფრო რადიკალური და თავისუფალია თავის ტრანსგრესიულ ქმედებაში. ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი მეტად შეზღუდული და დამოკიდებულია პოლიტიკურ მდგომარეობაზე; ის კეთილგანწყობების ძებნაში იმყოფება.

_tan — მაინტერესებს მოვისმინო თქვენი აზრი ხელოვნების განმათავისუფლებელი პოტენციალის შესახებ. როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს პოლიტიკურად ეფექტურ ინსტრუმენტად? შმიტის წიგნი, “პოლიტიკური რომანტიზმი”, სიღრმისეულად არჩევს პოლიტიკური დისკურსისა და ქმედების ესთეტიზაციასთან დაკავშირებულ საფრეთხეებს. ადორნო კი იცავს თეზას რომ ხელოვნების ფუნქცია საზოგადობის შეწუხებაა, მისი დანიშნულებაა რომ აჩვენოს თუ რა ჯოჯოხეთურ პროცესებში არიან საზოგადოების წევრები ჩართულები მათ ყოველდღიურობაში. რა არის ხელოვნების მნიშვნელობა პოლიტიკურ კონტექსტში?

გ.მ — როდესაც პოლიტიკის დეესთეტიზაციაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ბენიამინი მახსენდება. ბენიამინის ნაწერებში მძაფრად იგრძნობა შმიტის გავლენა, ადორნოსაში კიდევ - ბენიამინის.

სხვათა შორის, ადორნო როგორც ბენიამინის თხზულებების გამომცემელი, მალავდა ბენიამინის და შმიტის მიმოწერას. მხოლოდ მოგვიანებით გამოიცა ეს წერილები იაკობ ტაუბესის მიერ, რომელიც ამაყობდა კიდეც ამით. მოყოლილიც კი აქვს, რომ გაკიცხა მან ადორნო ამის გამო, რადგან ეს ფაქტობრივად ბენიამინის ფიგურის ფალსიფიკაციას უტოლდებოდა. აქ შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური გავლენა: ნაცისტური პარტიის წევრი შმიტი და ნაციზმის მსხვერპლი, ებრაელი ბენიამინი… თითქოს არათავსებადი იყო ერთმანეთთან, მით უმეტეს ომის შემდგომ პერიოდში. თითქოს ეს ჩრდილს მიაყენებდა ბენიამინს.

„ისტორიის თეზისებში“ პირდაპირ ვხედავთ ციტატებს და პერიფრაზებს შმიტის „პოლიტიკური თეოლოგიიდან”, ზუსტად საგანგებო მდგომარეობის საკითხიდან. ესეც რომ ვაციტიროთ კიდევაც: “საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობა გახდა”… ეს ის რეალობაა, რომელშიც ბენიამინს უკანასკნელი წლების გატარება უწევს.

ახლა, უფრო არსობრივად რომ მივუახლოვდეთ კითხვას: ხელოვნების, როგორც აღმზრდელის ფუნქცია, რა თქმა უნდა, ასევე ახალი ეპოქის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად იყო წარმოდგენილი. იდეოკრატიულ სახელმწიფოებში ხელოვნებას არ აქვს ეს თავისუფლება. არსებობს სახელმწიფო ხელოვნება. აი, აქ უკვე ვხედავთ ზღვარს. სახელმწიფო ხელოვნება, რა თქმა უნდა, არ არის თავისუფალი ხელოვნება. ის თავს გახვევს რაღაცას, ხომ? მას აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება.

შევადაროთ, ისევ, სტალინის პერიოდის ინსცენირებები და პუტინის პერიოდის გაურკვეველი შამანები და ოდიოზური, გროტესკული ფიგურები. იქ (სტალინის ხანაში) დიდი ხელოვნება იყო, იმ პროპაგანდაშიც კი იყო დიდი ხელოვნება. ეს ტოტალიტარული პოლიტიკური გარემო კი იძლეოდა საშუალებას ზუსტად მასთან წინააღმდეგობაში შესვლის. აქ ისევ იმ მოდელს გავიხსენებდი, რომ საჭიროა არსებობდეს აკრძალვა, იმისთვის რომ მოხდეს ტრანსგრესია. შესაბამისად, ერთი იძლევა მეორის საჭიროების შესაძლებლობას.

ანუ სწორედ ტოტალიტარიზმის ხანაში, საბჭოთა კავშირში, ჩნდება გამაოგნებელი სიღრმის ხელოვნება. იდეოლოგიური ხელოვნებაც არაა დასაკნინებელი. საბჭოთა მონუმენტალიზმი დიდად ჩემს ემოციებზე არ მოქმედებს და ვიცით, რომ რაღაც შტამპები მოდის, მაგრამ ეს ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული შტამპებია. იდეოლოგიურ დაკვეთებს ასრულებენ შოსტაკოვიჩი, ეიზენშტეინი - ანუ გიგანტები, მთელი საბჭოთა კინოს ფუძემდებლები. ისევ და ისევ, მაინც ვინ და როგორ ახორციელებს ამას, იმაზეა ლაპარაკი.

ამის პარალელურად არის ბულგაკოვი, პასტერნაკი, პლატონოვი - წარმოუდგენელი მასშტაბის გენიალური მოვლენა. რა თქმა უნდა, ეს ჰაერიდან არ ჩნდება. იმ კულტურულ სივრცეში არსებობს უკვე ძალიან ძლიერი კულტურული ნიადაგი. ერთი მხრივ, არსებობს ადამიანების ადაპტაცია რეპრესიულ სისტემასთან, ისევ გადარჩენის ან შიშის საფუძველზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მეორე მხრივ, ეს გარემოება გაძლევს თითქოს გარედან მოსულ, ლანგარზე მორთმეული ტრანსგრესიის შესაძლებლობას. იმიტომ რომ, შედარებით თავისუფალ გარემოში ეს ტრანსგრესიულობა მეტად შინაგანი ხდება; ცდილობ თვითმარგინალიზაციას იგივე ბურჟუაზიული საზოგადოების წესებთან მიმართებაში.

მე ვიტყოდი, რომ ხელოვნება მტკივნეულია. ანუ მოსაფერებელი და გასართობი, ეს კიდევ რაღაც სხვა ჟანრია, რომელიც ადორნოსაც სძულდა და ვერ მოესწრო კიდევ სათანადოდ. ის “განმანათლებლობის დიალექტიკაში” ლაპარაკობს რადიოზე; ტელევიზორი ჯერ არაა გამოგონილი; დღეს კი, TikTok-ების და სქროლვის ეპოქაში, რა თქმა უნდა, ბევრად რთულადაა საქმე.

მკაცრი და მჩაგვრელი ტოტალიტარული რეჟიმები, თავადვე შობენ გმირებს. როდესაც ისინი ადამიანს უკიდურესად აწვებიან, მასში იღვიძებს პროტესტი და თავგანწირვის სურვილი. ხშირად, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი სწორედ ჩაგვრის მომენტში ხდება საზოგადოების სახე ან სიმბოლო. ძველ ბერძნული ცნება “კაიროსი” აღნიშნავს ისტორიულ, ხელსაყრელ მომენტს, რომელიც ადამიანს აძლევს შანსს, გაიღოს მსხვერპლი და ჩაიდინოს ისეთი გმირობა, რისი საშუალებაც მანამდე უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ ამგვარ ფენომენზე გვაქვს ლაპარაკი.

სრულიად სხვა სურათს ვხედავთ არარეპრესიულ, თავისუფალ საზოგადოებებში. აქ საქმე ბევრად უფრო რთულადაა, რადგან ეს სისტემა აშკარა ურჩხულად არ ჩანს. წინა პლანზე შემოდის კომერცია, კაპიტალი და მორალური კორუფცია, რომელიც საშინლად მასშტაბურია. როგორც არუნდატი როი აღნიშნავს, ამგვარი რეალობა ადამიანს კი არ აიძულებს შეეგუოს ჩაგვრას, არამედ უბიძგებს კონკურენციაში ჩაებას. ეს სამყარო გაჯერებულია ისეთი გამაღიზიანებელი ლექსიკით, როგორიცაა: „ინვესტიცია“, „საკუთარი თავის გაყიდვა“ და ყველაფრიდან მაქსიმალური მატერიალური სარგებლის მიღება. ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ ამ სისტემასთან იდეალურ თავსებადობასა და მორგებას ძირითადად ხელოვანები და ინტელექტუალები ახერხებენ.

_tan — თუკი ადამიანის იდენტობა კულტურის, ისტორიისა და ძალაუფლების სტრუქტურების მიერაა ფორმირებული, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე? რადგან გარემოება ასე მძაფრად განსაზღვრავს ჩვენს არსებობას, სად იწყება და როგორაა შესაძლებელი პირადი თუ კოლექტიური პასუხისმგებლობა?

გ.მ — [პაუზა] როგორც ხედავთ, ძალიან რთული შეკითხვაა. აქ ვეჯახებით ფილოსოფიურ პარადოქსს: თუკი ფუკოსა და ალთუსერის თანახმად, ჩვენი ცნობიერება მთლიანად იდეოლოგიური და ძალაუფლებრივი სტრუქტურების მიერაა სუბიექტივირებული, სად ჩნდება თავისუფალი არჩევანის სივრცე?

აქ შეგვიძლია მერაბ მამარდაშვილი მოვიშველიოთ. მისი ფილოსოფიის ცენტრალური იდეა სწორედ მუდმივი ინდივიდუალური ძალისხმევაა. მამარდაშვილისთვის ადამიანი არ არის მზა მოცემულობა, პირიქით ის პროცესია, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის მუდმივი რევიზიით, თავსმოხვეული წესების გადააზრებითა და პირადი პასუხისმგებლობის აღებით მიიღწევა. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება სწორედ მაშინ შეიძლება მივიღოთ, როდესაც მოვახერხებთ საკუთარ თავში გარედან შემოსული გავლენების გაცნობიერებას და ამ სტრუქტურების მიუხედავად, საკუთარი წესების დამკვიდრებას.

რაც შეეხება ხელოვანებს, ისინი თავისი ბუნებით ყოველთვის არღვევენ წესებს; მათ შემოაქვთ ქაოსი. უმრავლესობისთვის ისინი აუტანლები არიან, რადგან ნორმებს მიღმა დგანან. თუმცა, ეს არ არის საყოველთაო რეცეპტი, ნორმიდან გადახვევა მხოლოდ ინდივიდუალური გადარჩენის სტრატეგიაა. დელიოზისა და გვატარის ტერმინით რომ ვთქვათ, ეს არის “გაქცევის ხაზი”, ექსცესური, ხშირად თვითგამანადგურებელი აქტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ინფანტილურ ჯიუტობასთან. ეს ფუნდამენტური არჩევანია, რომელიც ადამიანს უდიდეს საფასურს ახდევინებს.

ინდივიდი, თავისი ეტიმოლოგიით, უკვე მოიცავს მარტოობასა და საზოგადოებასთან დაპირისპირებას. აქ შემოდის მამარდაშვილისეული გაკვირვების ფენომენი, რომელიც არისტოტელედან მოდის: სამყაროში, სადაც სიხარბე, თვალთმაქცობა და ტყუილი საყოველთაო ნორმაა, გასაკვირი და არაბუნებრივი ხდება მორალური იმპერატივებით ცხოვრება. ამის კლასიკური მაგალითია ჟან ჟენე, რომელსაც ჟან-პოლ სარტრმა “წმინდა ჟენე” უწოდა. ჟენე აბსოლუტურად უკომპრომისო მარგინალი, რომელმაც ლიბერალურ- დემოკრატიულ დასავლეთში ცხოვრებისას მხარი დაუჭირა ალჟირელების ანტიკოლონიურ ბრძოლას, პალესტინელებსა და შავ პანტერებს. მან სრულიად გაცნობიერებულად გადაიხადა საკუთარი გაუხედნაობის ფასი.

თანამედროვე კულტურა, პირიქით, ცდილობს ადამიანი მოათვინიეროს და შინაურ ცხოველად აქციოს. ამ სტრუქტურული სუბიექტივაციის შედეგია დღევანდელი ინტელექტუალების დუმილი და თავშეკავებულობა, მაგალითად, ღაზის ტრაგედიასთან მიმართებაში. არუნდატი როის სიტყვები რომ გავიხსენოთ, მათ ამოძრავებთ გრანტების, კეთილდღეობისა და კოლეგების აღიარების დაკარგვის შიში… ნამდვილი პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური ძალისხმევა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ადამიანი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, თუნდაც მაშინ, როცა იცის რომ ამისთვის სისტემა აუცილებლად დასჯის.

_tan — აქ თითქოს ვხედავთ თავისუფლების დუალობას: ერთი მხრივ, ის ვლინდება ყოველდღიურ არჩევანში, შევინარჩუნოთ მატერიალური კეთილდღეობა თუ ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. მეორე მხრივ, თავისუფლება არის უზარმაზარი, მეტაფიზიკური იდეა, რომელიც ადამიანს რეალურად ალბათ არასდროს გამოუცდია. ჩვენ არ ვიცით, რა არის აბსოლუტური თავისუფლება, ჩვენი წარმოდგენები მასზე ხშირად წიგნებიდან და ფილმებიდანაა ნასესხები, თუმცა მის ნაკლებობას მომენტებში ფიზიკურ ტკივილამდეც კი მივყავართ. ეს თითქმის ლტოლვაა რაღაც ამოუცნობისკენ, რომელიც ყველაზე სასურველ მიზნად გვესახება.

მსგავსი შინაარსის შეკითხვა ვფიქრობ მრავალჯერ დასმულა, მაგრამ მაინც გავიმეორებ: რა შეგვიძლია ვთქვათ თავისუფლებაზე, როგორც ასეთ ხელშესახებ და ამავდროულად ასეთ მიუწვდომელ იდეაზე? როგორ ხდება ის, რომ მივილტვით რაღაცისკენ, რაც შეიძლება ბოლომდე არც კი გვესმის რას მოიაზრებს?

გ.მ — პირველ რიგში, თავისუფლების ცნების შემოტანა და დამკვიდრება ისევ ახალ ეპოქას და კონკრეტულად égalité, fraternité, liberté-ს უკავშირდება. ლიბერტეს კონცეფცია მოიაზრებს განთავისუფლებას. აქ, პირველ რიგში, პოლიტიკურ თავისუფლებაზეა ლაპარაკი. ახალმა ეპოქამ გარკვეულწილად გააფეტიშა თავისუფლება და შექმნა წარმოდგენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ცინიკურიც კი იყოს. ერთის მხრივ არსებობს ნეგატიური თავისუფლება, ანუ რაღაცისგან განთავისუფლება. მეორე მხრივ, თავისუფლების მდგომარეობა მოიცავს უფრო ძლიერის მიერ სუსტების ჩაგვრას, სუსტებზე ძალადობას.

დღევანდელ სამყაროში პოზიტიური თავისუფლება ზუსტად ამ ფორმით არსებობს: ერთ გაუმაძღარ მანიაკ მულტიმილიარდერს ან უკვე ტრილიონერს, შეუძლია თავზე მოახვიოს მთელ სამყაროს თავისი იდეები, ცნებები… რაც მთავარია მას შეუძლია გამოაცხადოს რომ ეს თავისუფლებაა. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ ეს ცნებები უკვე გაცვეთილია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გარკვეული ტიპის ფეტიში, რადგან ისევ და ისევ ჩვენი სუბიექტივაცია მოხდა… გვითხრეს, რომ თავისუფლება კარგია და აუცილებელია. თუმცა, აქ ზოგადად მახსენდება ფრანც კაფკას მოთხრობა “მოხსენება აკადემიას”, რომელშიც გაადამიანებული მაიმუნი ლაპარაკობს თავისუფლებაზე და ამბობს რომ ადამიანები ამ ცნებას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ჩვენ თავისუფლებაზე კი არ ვლაპარაკობთ, რეალობა სულ სხვაა. იმათ, ვინც არ არის ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი ან რომელიმე ოლიგარქი, არ აქვთ ის თავისუფლება, რომლითაც ეს უკანასკნელნი სამყაროზე ძალადობენ საკუთარი ფინანსური კაპიტალითა თუ პოლიტიკური გავლენებით. მეორე მხარესაა საზოგადოების ნაწილი, რომელსაც თავი თავისუფალი ჰგონია და ეტრფის ამ იდეას, თუმცა მიახლოებითაც კი არ ესმის, რა არის ის. ალბათ ისინი იმდენად ინდოქტრინირებულები არიან შინაარსისგან დაცლილი, უაზრო ფრაზებით, რომ თავისუფლება აბსოლუტურ ეგოიზმად ესმით. ამჟამად ნამდვილად ეგოიზმის ფეტიშიზაციის ხანაში ვართ, რომლის პირდაპირი პროდუქტიც სამყაროს ოლიგარქიზაციაა. ესენი არიან აღვირახსნილი, გაუმაძღარი, მტაცებელი არსებები, რომლებიც კანონებს საკუთარ თავზე ირგებენ და ძალადობენ 7.5 ან 8 მილიარდ ადამიანზე.

აქ, პირველ რიგში, ნეოლიბერალიზმს აქვს დიდი როლი. ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ნეოლიბერალიზმი არის ადამიანის ეგოიზმის აბსოლუტიზაცია: “ყველა ჩემი კონკურენტია, ამიტომ ყველა უნდა გადავყლაპო”. ოდესღაც კაცობრიობას ამოძრავებდა ახალი მიზნები, რაც გამოიხატებოდა კოლექტიური გადარჩენის იდეებში, ათასწლოვანი სამეფოს ხედვებში, კომუნიზმის მშენებლობაში თუ საყოველთაო კეთილდღეობაში. ახლა კი ეს ცალსახად აღარაა სასურველი.

საქართველოსნაირ ქვეყნებში ეს ჩემთვის ერთგვარი პოლიტიკური გაუგებრობა და კურიოზიც კია. ყველაზე რადიკალურ ნეოლიბერალურ ტენდენციებს მხარს უჭერენ ის ადამიანები, რომლებიც თვითონვე არიან ამ წესრიგის მსხვერპლნი. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გინდოდეს და გიყვარდეს მდიდართა ის კლასი, რომლის გამოც შენ სიღარიბეში დაიბადე, გაიზარდე და იმყოფები. ეს არაა მხოლოდ ქართული მოვლენა, მაგრამ ჩვენთან ამას სხვა საფუძველი აქვს: ადამიანს იმდენად სძულს საკუთარი რეალობა, რომ სურს მიეკუთვნებოდეს გამარჯვებულთა და ძლიერთა მხარეს. მისი სურვილი პოლიტიკურ რეალობად წარმოესახება და იქმნის ილუზიას, რომ თუ ისიც ასე იაზროვნებს, თვითონაც გამდიდრდება.

აქედან გამომდინარე, რეალური თავისუფლება არსებობს ზუსტად იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად არის თავისუფალი გარემო. მარტო იქ შეიძლება ის გაჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღრმა დიალექტიკაში არ მინდა გადავვარდე, სხვანაირად ვერ წარმოომიდგენია.

და, რას ნიშნავს თავისუფალი გარემო? მაგალითად, თუ ცხოვრების 16 წლის განმავლობაში ხარ ისეთ გარემოში, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება იმდენად არარეპრესიულია (სხვებთან შედარებით), რომ გაქვს პირადი ცხოვრების ძალიან დიდი თავისუფლება. მაგრამ, სწორედ ასეთ გარემოში ხდება პიროვნების ინფლაცია… იკარგება ის, რაც შეიძლება ყოფილიყო სკანდალური და, შესაბამისად, შემოქმედებით ფორმებში პოტენციურად კონვერტირებადი.

თავისთავად, ადამიანის სექსუალობას არანაირი ღირებულების მწარმოებელი ველი არ გააჩნია. საქართველოში ძალიან უყვართ ტერმინები „ტრადიციული“ და „არატრადიციული“ (ჯერ კიდევ საკითხავია, რომელია ტრადიციული და რომელი არა, მაგრამ გამოვიყენოთ ეს ქართული მითოლოგიური აღქმა). არცერთი ეს ფორმა და არც რაიმე სახის პერვერსია თავისთავად არ წარმოადგენს ღირებულებას. ღირებულება ჩნდება მაშინ, როდესაც ეს ქცევა მიჩნეულია პერვერსიულად და ეწინააღმდეგება ნორმას. როდესაც გეუბნებიან: “ეს ცუდია, არ ქნა”, შენ კი მაინც აკეთებ.

ეს, ფაქტობრივად, ლაკანისეული ფორმულაა, რასაც ის “მამის ვერსიას” (Père-version / perversion) უწოდებს და რაც განსაზღვრავს სუბიექტს. ძალიან რომ გავამარტივოთ: როდესაც რაღაცას გიკრძალავენ და შენ მაინც ისე იქცევი როგორც გინდა, შენ იცი, რომ ამის გამო დაისჯები; ლაკანთან სწორედ ეს არის გადამწყვეტი. პერვერსია არსებობს ზუსტადაც რომ რეპრესიის ცნობიერების პარალელურად.

სწორედ მაშინ იძენს დამატებულ ღირებულებას ის, რაც ბიოლოგიურად თუ ფიზიოლოგიურად მხოლოდ ჩვეულებრივი აქტი იყო. ანუ, ის ხდება შემოქმედებითად კონვერტირებადი. მას აქვს უნარი, ატაროს ეს მუხტი იქამდე, სანამ საზოგადოებრივი მიმღებლობისგან ძალიან შორსაა. იმ მომენტში კი როდესაც ეს ქცევა მასობრივ პროდუქტად იქცევა, ის განიცდის ინფლაციას, აღარ არის საინტერესო და აღარ წარმოადგენს თავისუფლების გამოხატულებას. ის შეიძლება თავიდან ბოლომდე რეაქციულიც კი გახდეს. ამიტომ, დღევანდელ სამყაროში ამის დანახვა ძალიან რთულია. თუ ამ კუთხით შევხედავთ, რეპრესიული ტენდენციები გარკვეულ წილად ნიადაგს უმზადებს და აძლიერებს ადამიანის შინაგან, თავისთავად ღარიბ სამყაროს, რომ ის შემოქმედებითად კონვერტირებადი გახდეს.

_tan — შემდეგი კითვა ორკომპონენტიანია და უკავშირდება ენას. პირველი კომპონენტი უფრო ფილოსოფიურ ენას ეხება. ჰაიდეგერის მიხედვით, ნამდვილი ფილოსოფიური აზროვნება მხოლოდ ძველ ბერძნულად და გერმანულადაა შესაძლებელი. დღეს, განსაკუთრებით პოსტკოლონიური პრიზმიდან, ეს საკმაოდ პრობლემური აზრია, რადგან ენებს შორის გარკვეულ იერარქიას მოიაზრებს. არასებობს თუ არა ფილოსოფიური და არაფილოსოფიური (ან ნაკლებად ფილოსოფიური) ენები? რაში მდგომარეობს ქართული ენის ფილოსოფიური პოტენციალი?

მეორე ნაწილი კი უფრო კონკრეტულად ეხება ენას, როგორც კოლონიურობის წინააღმდეგობას; ფანონი აღწერს შემთხვევას, რომელშიც მარტინიკელ შავკანიანს, რომელიც სრულფასოვნად საუბრობს ფრანგულად, ჩვეულებრივ, დამამცირებლად, „პიჯინ“ დიალექტით ეპასუხებიან. მისი მიხედვით, ამასთან შესაწინააღმდეგებლად, მოსაუბრე მარტინიკელმა უბრალოდ უნდა განაგრძოს გამართული ფრანგულით საუბარი.

ჩემი აზრით, საქართველოში ნაწილობრივ მსგავსი რამ ხდება რუსულ ენასთან მიმართებაში. ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, სადაც მოგმართავენ რუსულად, შენ კი უარს ამბობ ამავე ენის გამოყენებაზე და მიკრო-პროტესტის ნიშნად აგრძელებ ქართულად საუბარს. ამ კონტექსტში, რას იტყოდით, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ქმედებებს?

გ.მ — ეს საკმაოდ ვრცელი შეკითხვაა. ალბათ, აქედან დავიწყებდი: დღეს ხშირია შემთხვევა, როდესაც ბევრმა უბრალოდ აღარ იცის რუსული. ეს საბჭოთა ეპოქის ინერცია იყო, რომელიც ახლა სხვა რამემ ჩაანაცვლა. მე ვიტყოდი, რომ 2014 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველი, რაც ყურში მომხვდა, იყო “მოუნელებელი ინგლისური”. ვგულისხმობ ინგლისური სიტყვების ხმარებას იქ, სადაც ეს საჭირო არაა; როდესაც ქართველები ქართულად მეტყველებენ და იყენებენ ისეთ უცხოურ სიტყვებს, თითქოს მათ ანალოგი ქართულში არ მოეძებნებათ. მე ამას ვუწოდებდი კოლონიურ სიმპტომს: ერთის მხრივ, გავურბივარ და უარვყოფ ჩემს კოლონიურ წარსულს დამეორეს მხრივ, თითქოს მეთაკილება სუფთა ქართულით მეტყველება და ამიტომ არასაჭიროდ ვანაგვიანებ ენას.

ამას „მოუნელებელ სიტყვებს“ ვეძახი. იმას, რასაც ვერ აზუსტებენ ან ვერ აგებენ ქართულად და შემოდის, როგორც უცხო სხეული. თუმცა, თავად ქართული ენაც 80%-ით უცხოური ნასესხობებისგანაა შემდგარი. ესეც იმ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც ის ჩამოყალიბდა: ირანიზმები, სომხური, არაბული, თურქული, ლათინური, ბერძნული და მოგვიანებით რუსული სიტყვები. ახლა კი ამ სიას ინგლისურიც შეემატა.

ეს მომენტი შეიძლება აღვიქვათ იდენტობის ძიებადაც. საბჭოეთშიც ხომ ასე იყო: როცა ქართველები ერთმანეთში რუსულად ლაპარაკობდნენ, ამით თითქოს ხაზს უსვამდნენ, რომ “მაღალ საზოგადოებას” მიეკუთვნებოდნენ. ახლა რომ მახსენდება, ყველა ნამდვილად არ ლაპარაკობდა გამართული რუსულით, პირიქით, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ჩემი გადმოსახედიდანაც ეს კარგ ტონად ითვლებოდა.

ახლა ვცდილობ, ეს ყოველივე დავუკავშირო კითხვის პირველ ნაწილს: რამდენად არის ბერძნული და გერმანული ენები განსაკუთრებული? ჰაიდეგერისთვის ეს გერმანული ტრადიცია ჯერ კიდევ ჰერდერით დაიწყო, მე-18-ე საუკუნის ბოლოს. იდეა, რომ “ჩვენ ვართ ძველი ბერძნები”, მოგვიანებით გერმანელმა რომანტიკოსებმაც აიტაცეს. ეს მხოლოდ ადამიანთა ძალიან ვიწრო ჯგუფისთვის იყო მოცემული, რომელთაც უდიდესი გავლენა ჰქონდათ კულტურულ ფენებზე.

სხვა მხრივ, არსებობს გარკვეული ენები, რომლებშიც მიდის აქტიური ინტელექტუალური მუშაობა ამა თუ იმ თემაზე, რის გამოც იქ მეტი ლექსიკა და უთარგმნელი ცნება ჩნდება. სწორედ ასე ვიყენებთ ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ თუ ფრანგულ სიტყვებს. კიდევ ერთი მომენტია აღსანიშნავი. ვთქვათ, წერ ქართულად, მაგრამ რეალურად იცი, რომ ქვეყანაში არაა მკითხველი, რომელიც ამ თემებითაა დაინტერესებული.

რამდენიმე ასპექტი იკვეთება. ერთი ისაა, რომ გინდა უფრო დიდ აუდიტორიასთან გქონდეს შეხება… ჟიჟეკი ხომ ინგლისურად წერს და არა თავის მშობლიურ, სლოვენურ ენაზე? სლოვენია ორ მილიონიანი ქვეყანაა, ამ ენაზე ბევრი ადამიანი არ ლაპარაკობს და ჟიჟეკს სლოვენურად რომ ეწერა, ალბათ, არც გვეცოდინებოდა მის შესახებ. მეორე ასპექტი კი ის არის, რომ დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ინგლისური ენის ჰეგემონიაა. ყველა გვავალდებულებს, რომ ვწეროთ ინგლისურად, მათ შორის ისეთ თემებზეც, რომლებზეც ეს შეუძლებელია. ეს თავისთავად აღარიბებს ფილოსოფიას, რომელიც იძულებულია, მოერგოს ინგლისურ ყაიდას.

მახსოვს, გერმანიაში ძველი თაობის ფილოსოფოსები, ჩემი მასწავლებლების თაობა, საშინლად ვერ იტანდნენ და დღემდე აღშფოთებულები არიან ამ საყოველთაო „გაინგლისურებით“. ამ შემთხვევაში, უკვე გერმანულიც კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინგლისურის მიერ კოლონიზებული ენა. პოსტკოლონიურ სამყაროში გერმანიის კოლონიზებულად მიჩნევა ცინიზმი იქნებოდა, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად მსგავსია.

პროცესები ენის შიგნითაც მიმდინარეობს. არსებობს სალიტერატურო ენა, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი… და არსებობს ბუნებრივი დიალექტები თუ სოციოლექტები. ადამიანისთვის, ალბათ, დიალექტია ბუნებრივი, თუმცა ის სალიტერატურო ნორმას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა ვინ გაიგებს ჩემს ნათქვამს, თუკი დიალექტზე დავწერ? პაზოლინიმ, მაგალითად, თავისი პირველი პოეტური კრებული ფრიულურ დიალექტზე დაწერა. ეს მრავალი იტალიელისთვის სრულიად მიუწვდომელი დარჩა.

ანალოგიების მოძებნა ქართულ კონტექსტშიც შეიძლება. რომელია ბუნებრივი, სალიტერატურო თუ კუთხური ენა? აი, ჩემს შემთხვევაში, მე სხვა ენას კომუნიკაციისთვის მარტივად ვერ ვითვისებ. გერმანიაში როცა ჩავედი, გერმანული უკვე ვიცოდი, მაგრამ ზედმეტად აკადემიურად, წიგნისმიერად ვმეტყველებდი. გერმანელი მეგობრები ამის გამო ხშირად იცინოდნენ, რადგან მეგობრულ წრეში ეს ზედმეტად არაბუნებრივად ჟღერდა. ასე რომ, ეგრევე იშიფრები, რომ ეს შენთვის ნასწავლი, არაცოცხალი და წიგნის ენაა…

_tan — შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ კანტის ცნობილი ოთხი ფილოსოფიური შეკითხვის ფონზე („რა შემიძლია შევიცნო?“, „როგორ უნდა მოვიქცე?“, „რისი იმედი შეიძლება მქონდეს?“ და „რა არის ადამიანი?“), რაიმე ახალ, ამავე წონის შეკითხვას ხომ არ შემატებდით?

გ.მ — [სიცილი]… ვერ შევმატებ. ასეთ დროს კირკეგორი მახსენდება, რომელიც ამბობდა, მოვიდეს ჰეგელი და თავისი მძიმე წიგნებით ამიხსნას, თუ რატომ დავარღვიე ნიშნობა ჩემს საცოლესთან, რეგინასთან ოლსეთან. აი, ასეთი კონკრეტული კითხვები მაინც თავად დროს მოაქვს. ყველა ეპოქას თუ ისტორიულ მონაკვეთს თავისი საკუთარი კითხვები თან ახლავს, რომლებიც სხვა დროში ვერ დაისმებოდა. ახალ ეპოქებში ძველი კითხვები შეიძლება ნაკლებად რელევანტურიც კი იყოს. ამიტომ, ალბათ აუცილებელია სწორი მომენტის დაჭერა, როდესაც კონკრეტული კითხვების დასმა შესაძლებელი ხდება. ეს მონაცვლეობა მუდმივად ცვალებადია.

საერთოდ, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ რომ არსებობს მარადიული კითხვები? ეს ჩემში ყოველთვის დიდ ეჭვს იწვევს. ისტორიულად, კითხვა “ვინ ვარ მე?” მაინც ახალია, მაგრამ აი კითხვა “საიდან მოვდივარ?” უძველესია. ეს ფაქტობრივად ადამიანის მეხსიერების, თუ ზოგადად მეხსიერების თემის ათვლის წერტილია… წარმომავლობა, ანუ ის, თუ საიდან მოვდივარ, ჩემი დისერტაციაც სწორედ ამ თემაზე დავწერე. ახლა რომ ვფიქრობ, როგორ განვავრცო ეს თემა, ვხვდები, რომ მაინც ვერ ვვარდები იმ ტიპურ ველში, საიდანაც უბრალოდ რაღაც საინტერესოს ჩამოყალიბება შესაძლებელია.

რატომ გინდება ამის გაგება და რატომ აქვს ამ კითხვას ასე ძლიერად დამუხტული ეგზისტენციალური მნიშვნელობა? ეს ხომ, სწორედ რაღაცასთან იდენტიფიკაციისკენ, გარკვეული ერთობისკენ, თუ კოლექტივისკენ არის მიმართული. ანუ, თუ მე აქედან მოვდივარ, ესე იგი, გარკვეულ ერთობას მივეკუთვნები. ეს თემა დაკავშირებულია არა მხოლოდ სოციალურ სტატუსთან, არამედ მას უფრო “ეგზისტენციალურ სტატუსს” დავარქმევდი.

_tan — ბოლო შეკითხვას რადგან მოვუახლოვდით, მინდა ფილოსოფიას უფრო ფართო კონტექსტში შევეხო; თქვენი აზრით, არის მისი ადგილი დღევანდელ, თანამედროვე სამყაროში?

გ.მ — ჩემი აზრით, ფილოსოფიას სამყაროში მზამზარეული ადგილი რეალურად თალესიდან და პრესოკრატელებიდან მოყოლებული არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სოფისტებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად აითვისეს და ფილოსოფიას პრაქტიკული ფუნქციებიც მოუძებნეს, ნამდვილი ფილოსოფოსები ამ ადგილს ყოველთვის თავად ეძებდნენ, პოულობდნენ და იგონებდნენ.

ყოველი ეპოქა თავად უგონებს საკუთარ თავს ადგილსა და ფუნქციას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ათენია ის ადგილი, სადაც ფილოსოფოსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ერთმა მეფე აღზარდა, მეორემ აკადემია დააარსა, მესამე მონად გაყიდეს და სიკვდილით დასაჯეს… რადგან სიკვდილი ვახსენე, სოკრატემ ხელოვნურად შექმნა ფილოსოფოსის საზოგადოებრივი ფუნქცია, თორემ მანამდე არავითარი ფუნქცია მას არ ჰქონია. სოკრატე ამ ადგილს იგონებს სწორედ იმით, რომ გარშემომყოფებს თავს აბეზრებს. ადამიანი თავისთვის მშვიდად ცხოვრობს, ეს კი გააჩერებს აგორაზე ან ქუჩაში და ტვინს უბურღავს შეკითხვებით. აი, ეს არის ნამდვილი ფილოსოფია და ის არაა რაიმე წინასწარი საჭიროებით განპირობებული. ვინც ეს ყველაზე ღრმად გააცნობიერა, იყო ნიცშე. არანაირი მიზეზშედეგობრივი საჭიროება იმისა, რომ ფილოსოფოსი არსებობდეს, არ არსებობს. პირიქით, ფილოსოფოსი არის ის, ვინც სხვებს ნერვებს უშლის და აღიზიანებს.

ცოცხლად მოვესწარი ამას, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და სათანადოდ ვერ დავაფასე, მერე კი მოგონებებით აღვიდგინე მამარდაშვილის ფენომენი. ის იყო ადამიანი, რომელიც რეალურად არავის უყვარდა, მხოლოდ მოგვიანებით გადაწყვიტეს, აეტაცებინათ. რეალურად, თავად მის კოლეგებსაც ეს რეაქცია ჰქონდათ, ვინ არის ეს კაციო. იმიტომ, რომ ის იყო ნამდვილი ფილოსოფოსი და მეტი არაფერი. ფილოსოფოსი თავად იგონებს თავის ფუნქციას და იტაცებს იმ ადგილს. რა თქმა უნდა, ამას საერთო არაფერი აქვს აკადემიურ ფილოსოფიასთან და საუნივერსიტეტო საგნებთან. ნამდვილი კომედიაა, როდესაც სამ ან ოთხ წელიწადში ბაკალავრის დიპლომს გვაძლევენ და გვეუბნებიან, რომ ფილოსოფოსი ხარ; ბარემ წინასწარმეტყველის ან ნათელმხილველის დიპლომიც გასცენ. სინამდვილეში ეს ხომ საერთოდ არაფერ შუაშია.

თუნდაც კლასიკური გერმანული იდეალიზმის ეპოქა, რომელშიც უცებ გამოჩნდნენ კანტი, ფიხტე და ჰეგელი. რა თქმა უნდა, ამ ხალხის უდიდესი ძალისხმევით შეიქმნა სააზროვნო სივრცეები, მათ ეს ყველაფერი მზამზარეული ნამდვილად არ დახვედრიათ. მართალია, ისინი ჰაერიდან არ ჩამოცვენილან და მათ ზურგს უკან უკვე არსებობდა ლაიბნიცის, სპინოზასა და დეკარტის ტრადიცია, მაგრამ მათაც თავად გამოიგონეს საკუთარი ადგილი და ფუნქცია.

ბორის გროისს აქვს, მაგალითად, ასეთი თეზისი, რომ პლატონის „ფილოსოფოსთა სახელმწიფოს“ იდეა რეალურად საბჭოთა კავშირმა განახორციელა. იქ მოვიდნენ ინტელექტუალები და გამოიგონეს სისტემა. თუ პირველი თაობის ბოლშევიკებს შევხედავთ, ფუძემდებლები ყველანი ფილოსოფოსები და ინტელექტუალები იყვნენ. ისინი წერდნენ უამრავ წიგნსა და ნაშრომს და ცდილობდნენ მათ რეალიზებას… სტალინის ჩათვლით, რომელიც მათ შორის ყველაზე ნაკლებად განათლებული ადამიანი იყო. ან თუნდაც მაო ძედუნი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი პირადი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მან ძალაუფლება ნაწილობრივ იმის გამოც დაკარგა, რომ რამდენიმე წლით ჩაიკეტა და მხოლოდ წიგნებს კითხულობდა; სხვა არაფერი აინტერესებდა, მხოლოდ საკუთარ ფილოსოფიურ თეორიებს ავითარებდა.

ახლო წარსულიდან ფილოსოფიისა და ინტელექტუალიზმის ბოლო დიდი აფეთქება ფრანგული პოსტსტრუქტურალიზმის წლებია. მაშინ მოვიდნენ ახალგაზრდები, მათ თავადვე დაიკავეს სივრცე, თავადვე შექმნეს ის. რა თქმა უნდა, იქ მანამდეც არსებობდა უზარმაზარი ინსტიტუციები, მაგრამ მათთვის მთავარი უბრალოდ გამოთავისუფლებული ადგილის დაკავება არ ყოფილა. მათ უნდოდათ ახალი სააზროვნო სივრცეების შექმნა, რაც ხშირად კულტურული სინერგიის ფონზე ხდება.

ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები ერთდროულად ჩნდება ხოლმე.

ისეთ პატარა ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, თუ რამე ღირებული გაჩენილა, ეს მომხდარა სინერგიულ დონეზე. მაგალითად, პოსტსტალინურ პერიოდში, 60-70-იან წლებში, ერთდროულად გამოჩნდნენ ინტელექტუალები, პოეტები და უცებ გაჩნდა ქართული კინო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ცენზურაც მოქმედებდა და იყო უამრავი წნეხი, შემოქმედებით სფეროში ყველაფერი ხარისხიანი იქმნებოდა. შეიძლება ეს პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ რაც შეეხება ფილოსოფოსის ადგილს, მე მგონია, რომ მათი ადგილი წინასწარ არსად არასდროს ყოფილა. ვინც კი ისტორიას საკუთარი სახელი შემოუნახა, ყველამ თავად შექმნა საკუთარი ადგილი.

_tan — უღრმესი მადლობა, გიორგი, ამ ღირებული საუბრისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი პასუხების მოსმენა.

გ.მ — მადლობა თქვენ, ჩემთვისაც საინტერესო პროცესი იყო.